ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულები დაკრძალეს - ზემო ფონიჭალაში მდებარე ტაძარში, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან მიმდინარეობდა, იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები - დედაქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე.
ტრაგედიის მეოთხე დღეს, უსინათლოთა დასახლებაში მდებარე კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, დილიდან ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ. დაღუპულებს ოჯახის წევრები, ახლობლები და მეზობლები იხსენებენ.
შემთხვევის ადგილზე მუშაობას განაგრძობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და სპეციალისტები. გაწმენდითი სამუშაოები უკვე დასრულებულია.
143 ადამიანი სასტუმროებშია განთავსებული. 28-ვე ოჯახს საცხოვრებელ ბინებს "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ოჯახი შეუძენს. გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების სამძიმრის წერილიდან გახდა.