დღეს ფონიჭალის ტრაგედიის მეოთხე დღეა - უსინათლოთა დასახლებაში მდებარე კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, დილიდან ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ. ოჯახის წევრები, ახლობლები და მეზობლები დაღუპულებს იხსენებენ. შემთხვევის ადგილზე მუშაობას განაგრძობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და სპეციალისტები. გაწმენდითი სამუშაოები უკვე დასრულებულია.
143 ადამიანი სასტუმროებშია განთავსებული. 28-ვე ოჯახს საცხოვრებელ ბინებს "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ოჯახი შეუძენს - გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების სამძიმრის წერილიდან გახდა.
ამ წუთებში, ტრაგედიის დროს დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მათ დღეს დაკრძალავენ.
"მე მარტო სიგნალი, სირენების ხმა გავიგე და ვამბობდი, ნეტა რა ამბავია, რა მოხდა-მეთქი და გამოვედი... ჩვენს ქუჩაზე ძალიან დიდი საცობი იყო, ეკლესიაში ჩამოვედი და მითხრეს, ასეთი ამბავი მოხდაო. ძალიან მეწყინა, ძალიან მტკივა გული, ძალიან ბევრი ვიტირე, რომ გავიგე, გული შემიწუხდა", - აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ფონიჭალაში მივიდნენ კურიერებიც.
"როგორც მთელ საქართველოს, კურიერებსაც ძალიან დაგვწყდა გული მომხდარზე... ყველა იმედიანად ვიყავით, როცა ახალი მომხდარი იყო. პატარა თაია რომ ცოცხალი ამოიყვანეს, იმედი გაგვიჩნდა, რომ ყველა ცოცხალი ამოვიდოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ გამოვიდა. მოვედით კურიერები, რომ პატივი მივაგოთ გარდაცვლილთა სულებს", - აცხადებს მოქალაქე.