17 ნოემბერი 2024,   19:56
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

ბორჯომში, "ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანტონ ობოლაშვილი წარადგინა. ღონისძიებას "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და პარტიის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბორჯომ-ბაკურიანის განვითარების 4 წლიან გეგმაზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, ბაკურიანში სათაო ნაგებობების და წყლის რესურსის მოძიების სამუშაოები უკვე დასრულდა და აღნიშნულ პროექტებში უკვე 10 მილიონი ლარი დაიხარჯა.

"ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა მომავალი 4 წლის განმავლობაში კონკრეტულად სად რა უნდა გაკეთდეს. ბაკურიანში უკვე დაიწყო როგორც სათაო ნაგებობის, ასევე კიდევ ერთი წყლის რესურსის მოძიების სამუშაოები და წელს უკვე 10 მილიონი დაიხარჯა ამ პროექტში და 21 წლის სეზონისთვის ეს პროექტი დასრულდება. ბაკურიანში წყლის პრობლემა არ უნდა არსებობდეს. სეზონის დაწყებამდე მოესწრება სპეციალური 10 ავტობუსი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მოთხილამურეებსაც თავისი აღჭურვილობა თან ატარონ.

ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ როდესაც ბაკურიანში ჩემპიონატი ჩატარდება ბაკურიანი სრულად უნდა იყოს მომზადებული. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ბორჯომსა და ბაკურიანში ჩვენ ისეთი პირობები შევქმნათ ცხოვრების, რომ ადამიანს არ ჰქონდეს აუცილებლობა საცხოვრებლად გადავიდეს თბილისში, ელემენტარული სახელმწიფო სერვისებიც უნდა მიიღოს აქ," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

როგორც "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, ბორჯომში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და ინვესტიციებიც ჩაიდო, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

"ბორჯომში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, ბევრი ინვესტიცია ჩაიდო, თუმცა ეს არ არის საკმარისი, განსაკუთრებით იმ კრიზისულ ფონზე, რაც კორონავირუსმა გამოიწვია, თუმცა "ქართული ოცნების" ერთიანი და ეფექტური გუნდი, მზად არის ყველა გამოწვევას თქვენთან ერთად გავუმკლავდეთ.

ჩვენ ვხედავთ მსოფლიოში ამ მიმართულებით რამდენად მძიმე მდგომარეობაა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად შევძლოთ მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა," - აცხადებს კახა კალაძე.

პარლამენტის ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" ანტონ ობოლაშვილმა ბორჯომში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი უმთავრესი ამოცანა მუნიციპალიტეტის ეკონომიკის გაძლიერება და მეტი ადამიანის დასაქმება იქნება.

დღის ამბები