ხელვაჩაურის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები მუნიციპალიტეტის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის გადადგომას ითხოვენ - საქმე ეხება გამომცემლობა "ბათუმელების" ჟურნალისტსა და ხელვაჩაურის მერის სატელეფონო საუბარს, სადაც ვარდმანიძემ ჟურნალისტს აგინა და უხამსი სიტყვებით მიმართა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, ხელვაჩაურის მერი არაერთხელ ამხილეს კორუფციულ გარიგებებში, ამ შემთხვევაში ჟურნალისტი კითხვებს უსვამდა კონკრეტულ მშენებლობაზე, რომელიც უკანონოდ დაიწყო მერმა, სწორედ ამან გააღიზიანა ის და ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა.
ბრალდებებს ხელვაჩაურის მერმა უპასუხა. მისი თქმით, მშენებლობა რომელზეც საუბარია საკუთარ მიწის ნაკვეთზე აშენებს და არ იცოდა, თუ ნებართვა იყო საჭირო. რაც შეეხება ჟურნალისტის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ვარდმანიძე ფაქტს არ უარყოფს.