23 დეკემბერი 2024,   06:28
ვრცლად
სამართალდამცავები ყველა ღონეს გამოიყენებენ, რომ ეს ღონისძიება ჩატარდეს ეფექტურად და მშვიდობიანად - პრემიერი ზუგდიდის სპეცოპერაციაზე

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციას გამოეხმაურა. პრემიერი იმედოვნებს, რომ სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ, რათა სპეცოპერაცია მშვიდობიანად დასრულდეს.

"​ზოგადად, როდესაც მიმდინარეობს ცოცხალი, სპეციალური ღონისძიება, ამაზე პირდაპირ ეთერში საუბარი და არც ამ ღონისძიების პირდაპირ ეთერში ჩვენება სწორი არ არის. თუმცა, რადგან თქვენ მე ამ კითხვას მისვამთ, გიპასუხებთ, რომ მე რაც ინფორმაცია მაქვს, ეს არის ერთი დამნაშავე, რომელიც, სავარაუდოდ, შეიჭრა ერთ-ერთი ბანკის ფილიალში და დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანოები ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ეს ღონისძიება ჩატარდეს ეფექტურად და რაც მთავარია, მშვიდობიანად. ვაცალოთ ამ ხალხს.

რაც შეეხება კრიმინალს, ბევრჯერ მიპასუხია ამ კითხვაზე - მეგობრებო, სტატისტიკა და ციფრები ნახეთ. არის გარკვეული დანაშაული, სადაც ზრდა გვაქვს. საერთოდ, კრიმინალს რაც შეეხება, იქ ბევრი ისეთი დანაშაულია, 3, 4, 2 წლის წინ როგორც დანაშაული, კვალიფიცირებული არ იყო.

საერთო ჯამური ზრდა - ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრიმინალი ქვეყანაში გაიზარდა. მარტივ რჩევას მოგცემთ, შეადარეთ მძიმე დანაშაულები, აიღეთ მძიმე დანაშაულების მუხლები და შეადარეთ 8-10 წლის განმავლობაში და ზუსტად ნახავთ სტატისტიკას, რა ხდება მკვლელობაზე, განზრახ მკვლელობაზე, ჯგუფურზე, ყაჩაღობაზე და ასე შემდეგ...," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ამ წუთებში სპეცოპერაცია მიმდინარეობს ზუგდიდში - ქალაქის ცენტრში პოლიცია შეიარაღებული პირების განეიტრალებას ცდილობს. "საქართველოს ბანკში" შეჭრილმა ადამიანებმა აიყვანეს მძევლებიც.

მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე მოხდა ადამიანების ევაკუაცია. შეტყობინება პოლიციაში შეირაღებული პირების ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეჭრის შესახებ ცოტა ხნის წინ შევიდა.

დღის ამბები