25 დეკემბერი 2024,   22:42
ვრცლად
"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელმა გაქცევა სოფელ კირცხიდან მოახერხა - მისი ადგილმდებარეობა ამ დროისთვის უცნობია

შეიარაღებულმა თავდამსხმელმა, რომელმაც ზუგდიდში მდებარე ბანკიდან გამოსასყიდის მოთხოვნით მძევლები აიყვანა, ისინი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა. 

თავდამსხმელმა მიმალვა შეძლო.

მძევლები ჯერ წალენჯიხის პოლიციაში გადაიყვანეს დაკითხვაზე, შემდეგ კი ზუგდიდში. მთელი ღამის განმავლობაში მძევლების დაკითხვა მიმდინარეობდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ზუგდიდის ცენტრში მდებარე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით დღის ორი საათისთვის შეიჭრა. ბანკის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს იარაღით დაემუქრა და მუხლებზე დაჩოქება უბრძანა. იყო რამდენიმე გასროლაც. ბოროტმოქმედმა მოგვიანებით, 500 000 ამერიკული დოლარი და თვითმფრინავით ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია მოითხოვა.

ბანკში მყოფების ნაწილმა თავს გაქცევით უშველა, 19 პირი კი ტყვეობაში დარჩა. ადგილზე მყოფი ერთ-ერთი მძევალი მედიას პერიოდულად ეკონტაქტებოდა. რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, ბოროტმოქმედმა მძევლების გარკვეული რაოდენობა თავად გაათავისუფლა.

მოგვიანებით კი, ნიღბიანმა შეიარაღებულმა პიროვნებამ ტერიტორია სამ მძევალთან ერთად დატოვა. ერთ-ერთი მათგანი სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა იყო. სწორედ გალდავა აწარმოებდა შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს და თავდამსხმელის მიერ მოთხოვნილი თანხაც ბანკში გალდავამ მიიტანა. ამ დროისთვის ყველა მძევალი უსაფრთხოდ არის, თავდამსხმელმა კი მიმალვა შეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით დაიწყო.

დღის ამბები