19 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
ქვემო ქართლში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაყაჩაღების ფაქტზე 2 პირი დააკავეს

პოლიციამ ქვემო ქართლში 23 ოქტომბერს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე 2 პირი დააკავა. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულია 33 წლის და წარსულში ნასამართლევი 28 წლის მამაკაცი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეისში მცხოვრები ცოლ-ქმრის, უცხო ქვეყნის მოქალაქეების სახლში მოტყუებით, უკანონოდ შეაღწიეს. მათ ორ შვილს ხელ-ფეხი შეუკრეს, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობის მუქარით, უკანონოდ დაეუფლნენ სახლში არსებულ 16100 ლარს, ლეპტოპს, მობილურ ტელეფონებს და შემთხვევის ადგილიდან ოჯახის კუთვნილი ავტომობილით მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა გატაცებული ავტომობილი მომხდარიდან მალევე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მიტოვებული იპოვეს. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულების მიერ ყაჩაღობის გზით დაუფლებული თანხის ნაწილი, ლეპტოპი და მობილური ტელეფონი. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

დღის ამბები