25 აპრილი 2024,   06:16
ვრცლად
პირი, რომელმაც 41 წლის მამაკაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილა იდენტიფიცირებულია - მკვლელს ამ წუთებშიც ეძებენ

როგორ მიდის თბილისში, ავჭალაში მომხდარი მკვლელობის გამოძიება -"კურიერის" ინფორმაციით, ვალერიან ნემსიწვერიძის მკვლელი ცნობილია და მას ამ წუთებშიც ეძებენ.

ვერსიას ამყარებს მკვლელობის ადგილთან მდებარე მაღაზიაში ჩატარებული საგამოძიებო  მოქმედებები. სურსათის მაღაზიაში თითის ანაბეჭდებია აღებული.

​საგამოძიებო ქმედებების კვალი სარაჯიშვილის 38 ნომერს ისევ ეტყობა. სავაჭრო ობიექტი, რომლის წინაც 41 წლის მამაკაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს, საექსპერტო წითელი ნივთიერებითაა შეღებილი. სამართალდამცველებმა აქედან თითის ანაბეჭდები დაქტილოსკოპიური ექსპერტიზისთვის აიღეს.

რატომ დასჭირდათ პოლიციელებს მკვლელობის ადგილას მდებარე მაღაზიიდან თითის ანაბეჭდების ამოღება მაშინ, როდესაც გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული არა მაღაზიაში, არამედ მის მიმდებარედ, ავტომობილში მოხდა.

"კურიერის" ინფორმაციით, საექსპერტოდ დამუშავებული სავაჭრო ობიექტი მკვლელობასთან პირდაპირ კავშირშია. არ არის გამორიცხული, რომ მკვლელობამდე ურთიერთშელაპარაკება სწორედ მაღაზიაში დაიწყო.

"კურიერმა" მაღაზიის მფლობელიც იპოვა, რომელსაც უკვე რამდენიმე თვეა სავაჭრო ობიექტი გაქირავებული აქვს. ის სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს

ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების მიუხედავად, სამართალდამცველები დამნაშავეს ჯერ ვერ მიაკვლიეს, "კურიერის" ინფორმაციით, ის იდენტიფიცირებულია. 

ვალერიან ნემსიწვერიძეს 3 დღის წინ, სარაჯიშვილის ქუჩაზე საკუთარ ავტომობილში 6 ტყვია ესროლეს.

დღის ამბები