17 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
გაერთიანებული ოპოზიცია ბათუმში აქციას მართავს და არჩევნების შედეგებს აპროტესტებს

ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ერთი საათია აჭარის მთავრობის სახლთან "გაერთიანებული ოპოზიციის" წევრები და მხარდამჭერები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ბათუმის ქუჩებში მოეწყო მსვლელობა შეძახილებით "იმოქმედე".

"დაიცავი შენი ხმა" - ეს არის აქციის მთავარი მესიჯი, ადგილზე დამონტაჟებულია სცენა და გახმოვანების აპარატურა, საიდანაც ოპოზიციის ლიდერები მხარდამჭერებს მიმართავენ. საპროტესტო აქციაში თითქმის ყველა ოპოზიციური ძალა მონაწილეობს, ისინი ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და არჩევნების განმეორებით ჩატარებას მოითხოვენ. 

"ქართულმა ოცნებამ", ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები კი არა გააყალბა, თავზე დაგვახია. ეს არის ხალხის პროტესტი, ვიქნებით ბოლომდე, ვიდრე არ იქნება გამარჯვება, ვითხოვთ ახალ არჩევნებს,"-აცხადებს პარლამენტის ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბლოკიდან "ენმ - ძალა ერთობაშია" ლევან ვაშალომიძე.

"სიმართლის გარეშე მუდმივად იქნება ბუნტი, თუ იქნება სამართალი, იქნება მშვიდობა. როდესაც სამართალი არ არის, ამდენი ხალხი ერთად მოიყრის ხოლმე თავს. ასეთი არჩევნები აღარ ტარდება XXI საუკუნეში. უმთავრესი მოთხოვნა - ეს არის ხელახალი არჩევნების ჩატარება,"- აცხადებს პარტია "ემსახურე საქართველოს" დამფუძნებელი, საარჩევნო ბლოკის "ენმ - ძალა ერთობაშია" წევრი მურმან დუმბაძე.

"დღეს ბიძინა ივანიშვილმა ისეთი ტოტალური გაყალბება მოაწყო არჩევნების, რომ სრულიად ქართული საზოგადოება კონსოლიდირებულია. თქვენივე დათვლით,  52% გეუბნებათ არას, დემოკრატიულ საზოგადოებაში და ჩვენს კონსტიტუციაში წერია, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი, უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებას და დღეს უმრავლეობა აპროტესტებს შედეგს,"- ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე.

აქციას ამ დრომდე უერთდებიან მოქალაქეთა ჯგუფები როგორც მაღალმთიანი აჭარიდან, ასევე ქობულეთიდან. ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მობილიზებულია საპოლიციო ძალები, აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

დღის ამბები