7 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს კიდევ 13 მარშრუტი ემატება, რომელთაგან საქალაქო მნიშვნელობის ავტობუსების ხუთი მარშრუტი და მიკროავტობუსების რვა საუბნო მნიშვნელობის ხაზია. ამის შესახებ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა ისაუბრა.
"24 ოქტომბერს გვქონდა პრეზენტაცია, სადაც მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის 10 ახალი მიმართულება წარვუდგინეთ. მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია ახალ ქსელზე, რომელიც ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა რაიონში გადანაწილდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს 13 ახალი მარშრუტი ემატება. ეს არის საქალაქო მნიშვნელობის ავტობუსების ხუთი და მიკროავტობუსების რვა ხაზი, ანუ საუბნო მნიშვნელობის მარშრუტები. აღნიშნულ მარშრუტებზე მხოლოდ და მხოლოდ ახალი ტრანსპორტი ივლის. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას," - აღნიშნა კახა კალაძემ.
7 ნოემბრიდან ჯამში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურას 47 ერთეული მიკროავტობუსი და 42 ერთეული ავტობუსი ემატება. ავტობუსების მარშრუტები შემდეგნაირად ნაწილდება: N343 ზემო ფონიჭალა - ვაზისუბნის დასახლება; N344 ზემო ფონიჭალა - ბარათაშვილის ქუჩა; N363 თხინვალა - მეტროსადგური "დელისი" - უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი; N383 ქავთარაძე - ზემო ვაკე - ბარათაშვილის ქუჩა; N387 წრიული - საბურთალო - ვაკე - საბურთალო.
რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ისინი შემდეგ მარშრუტებზე იმოძრავებენ: N482 ახალდაბა - წყნეთი; N483 წყნეთი - წრიული; N419 სოფ. აგარაკი - მეტრო "სახელმწიფო უნივერსიტეტი"; N463 - ზაჰესი (ჭიჭინაძისა და ცქიტიშვილის ქუჩები); N464 - ბილფელდის, ჩიქოვანის ქუჩა, სპორტის სასახლე; N408 აეროპორტის დასახლება - ალექსეევკას დასახლება - მეტროსადგური "ისანი"; N457 "სადგურის მოედანი" - ჯავახიშვილის ქუჩა - ბესიკის ქუჩა; N476 მეტროსადგური "სახელმწიფო უნივერსიტეტი", ანჯაფარიძის, ქავთარაძის, ნუცუბიძის, შარტავას ქუჩა, სადგურის მოედანი.
ამასთან, მგზავრები ახალ ხაზებთან დაკავშირებულ ინფორმაციას გაჩერებებზე განთავსებული ბილბორდების საშუალებით მიიღებენ.