პარლამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" გიორგი ვოლსკიმ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ქვეყანაში ევროპული დონის არჩევნები ჩატარდა და ის რაც ქუჩაში ხდება ახლა საპროტესტო აქციის სახით რევოლუციის სახეს იღებს.
"დიდი ხანია ვსაუბრობთ, როგორ მზადდება, როგორ იბერება და როგორი ენერგიით იტვირთება ვითომ საპროტესტო და სინამდვილეში რევოლუციური პროცესები.
ეს ყველაფერი ერთი სცენარის შემადგენელი ნაწილია. საოლქოსთან შეკითხვები მქონდა, როგორც დეპუტატს და მათ ჩვენ დავიბარებთ სასაუბროდ.
ვინ ედავება საბურთალოზე სერგეენკოს გამარჯვებას? რომელმაც მთლიანად შეცვალა საქართველოს ისტორია, რომელმაც ქართველი ხალხი სასიკვდილო სარეცელიდან წამოაყენა ან, თუნდაც ჩემს გამარჯვებას?
თავიდან ბოლომდე ყველა უბანი ჩამოვიარე, მაინტერესებდა რა სურათი იქნებოდა და როგორ ჩატარდებოდა არჩევნები. ყველაფერი ჩატარდა ევროპულ დონეზე,"- განაცხადა გიორგი ვოლსკმა.
პარლამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" გიორგი ვოლსკიმ "დღის კურიერის" ეთერში ასევე ისაუბრა, მოსალოდნელ აქციებზე.
"ნათელაშვილია ერთ-ერთი ლიდერი და მეორე სააკაშვილი, რომელიც მუდმივად საუბრობს არეულობაზე. ისინი ამბობენ, რომ არ შეიძლება არჩევნების გზით ხელისუფლება შეიცვალოს.
სამწუხაროა, რომ საქართველოში არამხოლოდ ოპოზიცია, არამედ უმრავლესობის ბევრი მხარდამჭერიც ცდილობს აქცია გამართოს თავისი ხმების დასაცავად. საქართველოა და შუაზე ხო არ გავგლეჯთ არა?!
საზოგადოებაში წითელი ხაზის გავლება და ანტაგონიზმი ვისი ხელწერაც იყო ხო ვნახეთ ყველამ? სისხლის ღვრას ვინ გეგმავდა ხო მოვისმინეთ ყველამ? ხომ ხედავთ რაც ხდება და ვინ ვისი ენით საუბრობს.
ოპოზიცია იმ კალაპოტში ზის, რომელიც სააკაშვილმა გამოთხარა და რომელშიც შედის ნათელაშვილის თამადობით დანარჩენი კლასტერი,"- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.