გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნების ეპიზოდი დასკვნით ეტაპზე გადავიდა. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. ადვოკატების განცხადებით, ყურადღება გამახვილდება იმ მტკიცებულებებზე, რომლითაც დასტურდება კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების უდანაშაულობა.
"წინა პროცესზე ბრალდების მხარემ წარმოთქვა თავის დასკვნის სიტყვა. ამ ეტაპზე, ადვოკატები ვიტყვით ჩვენს დაცვით სიტყვას. ყურადღებას გავამახვილებთ იმ მტკიცებულებებზე, რომელიც იქნა გამოკვლეული სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას; როგორც წერილობით, ისე მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებმაც განმარტეს 18-19 ივნისს მომხდარი მოვლენები,"- განაცხადა არასრულწლოვან ლ.შ ადვოკატმა ზაქრო გვიშიანმა.
არასრულწლოვან გ.მ-ს ადვოკატის, როსტომ კერესელიძის განცხადებით, დაცვის მხარე ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რომ ლაშა შერმადინი და გიორგი მერაბიშვილი აგარაკზე შეგნებულად დატოვება სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება.
"გავამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რასაც მთელი პროცესის განმავლობაში ვუთითებდით. როდესაც ბრალდების მხარე ამახვილებდა ყურადღებას იმაზე, რომ თითქოს შეგნებულად დატოვეს ლაშა შერმადინი და გიორგი მერაბიშვილი აგარაკზე, ეს არ დადასტურდა სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით., დადასტურდა, რომ ისინი დარჩნენ იმის გამო, რომ ვერ წამოიყვანეს მეგობრებმა,"-განაცხადა ადვოკატმა.
საქმის პროკურორის, ირაკლი სანიკიძის თქმით, ბრალდების მხარე დაცვის მხარიდან რამე ახალ მტკიცებულებას არ ელოდება. მან ხაზი გაუსვა, რომ მთელი პროცესის განმავლობაში დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება თავისი პოზიციის არგუმენტირებულად წარმოსაჩენად.