19 ნოემბერი 2024,   08:19
ვრცლად
რუსთაველზე ოპოზიციონერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა შეკრება დაიწყეს

ერთ საათში რუსთაველის გამზირზე აქცია იწყება. პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები უკვე იკრიბებიან.

მთავარი მოთხოვნა ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და ხელახალი არჩევნებია. მანამდე ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.

პარლამენტთან ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა შეკრება დაიწყეს, ისინი ითხოვენ განმეორებით არჩევნებს და ეს მათი თქმით არის უალტერნატივო მოთხოვნა.

ოპოზიციის ლიდერები უნდობლობას უცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაციას და შესაბამისად ითხოვენ ახალ საარჩევნო ადმინისტრაციას განახლებული შემადგენლობით.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დღევანდელი აქციის მმართველი გუნდი ნათლად დაინახავს, როგორ ეწინააღმდეგება არჩევნების შედეგები ხალხის ნებას.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები მოიპარა, რითაც ხალხს ფუნდამენტური დემოკრატიული უფლება წაართვა.

აქციაზე ასევე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიებიდან, გიგი წერეთელი, თაკო ჩარკვიანი, ზაალ უდუმაშვილი, გიგლა ბარამიძე და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც აცხადებენ, რომ გაყალბება არცერთმა ხელისუფლებამ არ უნდა გაბედოს.

აქტივისტებმა პარლამენტის წინ მოაწყეს ე.წ თამარ ჟვანიას სახელობის გაყალბების ეროვნული მუზეუმი, სადაც გამოკრულია ოქმები და თამარ ჟვანიას ფოტოები.

ოპოზიციონერები ხაზს უსვამენ, რომ აქცია რეგულაციების სრული დაცვით წარიმართება. 

დღის ამბები