"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ტყუილს უწოდებს ნიკა მელიას მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ ოპოზიციას მმართველი გუნდის წევრები თავად დაუკავშირდნენ.
კობახიძის თქმით, მას და არჩილ თალაკვაძეს თინა ბოკუჩავამ დაურეკა და სთხოვა არჩევნების საკითხზე შეხვედრა.
"რაც შეეხება ოპოზიციასთან კომუნიკაციას, ნიკანორ მელიამ თქვა ტყუილი, რაც მას ზოგადად ახასიათებს და რაც არ არის კაცისთვის ზოგადად შესაქები საქციელი. მან თქვა, რომ თითქოს ჩვენ დავუკავშირდით ოპოზიციის წარმომადგენლებს. ეს არის წმინდა წყლის სიცრუე. ჩვენ დაგვიკავშირდა - მე და არჩილ თალაკვაძეს, ქალბატონი თინა ბოკუჩავა, ჩვენ მას ვუპასუხეთ, ის არის პარლამენტის წევრი და კომუნიკაციის შინაარსი იყო შემდეგი - მან გვთხოვა დღეს შეხვედრა არჩევნების თემასთან დაკავშირებით, განგვიმარტა სავარაუდო ფორმატი, რაზეც განვუმარტეთ შემდეგი, რომ ჩვენი ინფორმაციით, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს სურდათ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ყოველთვის ანგარიშს ვუწევთ ხოლმე საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, მათ წინადადებებს და ჩვენ ვთქვით, რომ დაველოდებოდით მათ ინიციატივებს," - განაცხადა კობახიძემ.