დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, გრიპის საწინააღმდეგოდ აიცრან.
მისი ინფორმაციით, არსებობს შეხედულება, რომ ის, ვინც აიცრება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით, COVID 19-ით ნაკლებად ავადდება.
"ვისაც ეკუთვნის, ანუ, რისკჯგუფებისთვის გრიპის ვაქცინა საკმარისია. ასევე, კერძო სექტორს აქვს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. ავიცრათ. დილის მონაცემებით, აცრილია 38 ათასამდე ადამიანი ქვეყანაში. ეს ცოტაა. ჩვენ გვაქვს, დაახლოებით, 235 ათასი დოზა ვაქცინისა, აქედან 38 ათასი უკვე აცრილია. იცრება ჯარი, პოლიცია და სამედიცინო პერსონალი.
ადრეც გითხარით, ერთ-ერთი სტატიიდან ამონარიდი შარშანდელი რეტროსპექტრული კვლევისა, რომ გრიპზე აცრილები და ისინი, ვინც კარგად იცავდნენ გრიპის საწინააღმდეგო ღონისძიებებს, გაზაფხულზე შედარებით ნაკლებად დასნებოვდნენ კოვიდით. ეს არ არის მკაცრი მტკიცებულება, ეს არის შეხედულება, მაგრამ ფაქტია, რომ გრიპზე აცრა პირდაპირ არ იცავს, მაგრამ ის იცავს გრიპისგან და თუ გრიპზე აცრილი ხართ, უკვე ნოემბერსა და დეკემბერში აღარ გვექნება ზედდება ამ ორი ინფექციის,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.