19 ნოემბერი 2024,   08:18
ვრცლად
ცესკოსთან დაკავებული 19 პირის საქმეზე საქალაქო სასამართლო ამ დრომდე მსჯელობს

ცესკოსთან დაკავებული 19 პირის საქმეზე საქალაქო სასამართლო ამ დრომდე მსჯელობს. მათ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება, რაც პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ადვოკატების მტკიცებით, ბრალდება აბსურდულია და მათ დანაშაულთან კავშირი არ აქვთ.

"უკანონოა ყველა იმ ადამიანის დაკავება, რომელიც არ მონაწილეობდა არანაირ დაპირისპირებაში, არ არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და უბრალოდ ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა პოლიციელთა მხრიდან. თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ სასამართლო დეტალურად გამოიკვლევს ამ გარემოებებს და სამართლიან გადაწყვეტილებებს მიიღებს. ჩვენ გვაქვს სამწუხაროდ მწარე გამოცდილება წარსულში, როდესაც ვალერიან ფილიშვილი იხილავდა 20 ივნისის აქციაზე დაკავებულთა პროცესებს,“ - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

აქციაზე დაკავებული არასრულწლოვნის ბიძა, ბესიკ წერედიანი ამბობს, რომ ის უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული დილამდე და დილის 6 საათზე გაუშვეს. 

"დაკავების მიზეზი იყო სტანდარტული, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და შეურაცხყოფა, მაგრამ მთავარი ასპექტი აქ ის არის, რომ ბავშვი არის არასრულწლოვანი, გადაყვანილი ყავდათ დიდუბის განყოფილებაში, გამოუშვეს დღეს, ფაქტიურად უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული დილამდე, გამოუშვეს დილის 6 საათზე დღეს, ახლა მოიტანეს საბუთები აქ, უნდა ჩაინიშნოს სასამართლო პროცესიო. საბედნიეროდ, კანონმდებლობა ამ ქვეყანაში არ იძლევა ბავშვების გასამართლების უფლებას და დიდი ალბათობით, სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლება მოსამართლე,“ - ამბობს დაკავებული არასრულწლოვნის ბიძა ბესიკ წერედიანი. 

დღის ამბები