19 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
"ეს დევნაა - ეძებენ რაღაც უარყოფითს, ზოგს თხზავენ, ზოგს დაამონტაჟებენ" - მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი

"ეძებენ რაღაც უარყოფითს, სიკეთეს ვერ ხედავენ, ვერ ხედავენ აღმშენებლობას" - ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანე გამრეკელმა საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა. მისი თქმით, ეკლესიის წინააღმდეგ გარკვეული ქმედებები ხორციელდება. 

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა თბილისში 8 ნოემბერის საპროტესტო აქციაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკების შედეგად, ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდება. 

"დღეს თითქოს სასტიკი მწამებელი არ ჩანს, მაგრამ დღეს სხვანაირი დევნაა ეკლესიისა და ცხადია, რომ აუცილებლად ეძებენ რაღაც უარყოფითს, სიკეთეს ვერ ხედავენ, ვერ ხედავენ აღმშენებლობას და აუცილებლად უნდათ, რომ რაიმე გამონახონ ისეთი, რომ ცილი დასწამონ. ზოგს იგონებენ, ზოგს თხზავენ, ზოგს დაამონტაჟებენ. ეს დევნაა.

ცილისწამებაც მოწამეობაა, რომ ჩვენ ამას ვითმენთ და შენდობას ვითხოვთ მათთვის, იმიტომ, რომ არ იციან რას აკეთებენ. ასე, რომ გრძელდება დევნა ეკლესიისა და გაგრძელდება ქრისტეს მეორედ მოსვლამდე, მაგრამ უფალმა გვითხრა ჩვენ და მოწაფეებს, "ნუ გეშინიათ სამწყსოვ მცირევ, რამეთუ ღმერთმა ინება თქვენთვის მოცემა მადლისა" და "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან ეკლესიას". აი, სწორედ ეს ბჭენი ჯოჯოხეთისანი კი ცდილობენ, მაგრამ მარცხდებიან ყოველთვის ამ ბრძოლაში, იმიტომ, რომ ჩვენთან არს ღმერთი. ესეც ბრძოლაა, რომ შფოთი შემოიტანონ ხალხში. დღეს აპირებენ ხომ რაღაც ქალაქში გამოსვლას?! ყველამ სახლში ვილოცოთ, რომ მშვიდობით დასრულდეს ეს ყველაფერი და ეს საბაბი არ იყოს დაპირისპირებისა ერში, რომ არ გამრავლდეს ჩვენს შორის სიძულვილი, მტრობა, შუღლი, არამედ იყოს მშვიდობა, ერთობა და წყალობა," - განაცხადა მეუფე იოანემ.

დღის ამბები