აშშ-ის 2020-2021 წლების საბიუჯეტო კანონპროექტი, რომელიც საქართველოსთვის 132 მილიონი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს და ასევე კანონპროექტში დათქმას, რომ 15%-იანი შეზღუდვა არ იმოქმედებს, პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და შესაძლოა სანქციების დაწესება კვლავ აქტუალური გახდეს.
"ბატონმა ზალკალიანმა მე მგონი წერა-კითხვა იცის და ესმის, რომ პოლიტიკური განაცხადი, რომელიც კეთდება ყველაზე გავლენიანი და წონიანი კონგრესმენებისა და სენატორების მიერ, ეს უკვე თავისთავად არის ძალიან ყურადსაღები ნებისმიერი ქვეყნის მთავრობის მიერ, მიტუმეტეს მისი მთავრობისთვის და ჯობია თავის გასულელებას თავი დაანებოს," - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა.
"ფაქტია ბიძინა ივანიშვილი მას შემდეგ, რაც ძალიან მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ აღმოჩნდა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, არაერთხელ იყო საუბარი სანქციებზე, ასევე იმ თანხის გაყინვაზე, რომელიც არის და მე ვფიქრობ, რომ თუ დროულად ქვეყანა არ გამოვა პოლიტიკური კრიზისიდან, ეს სანქციები კვლავ ძალაში დადგება," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, აშშ-ის 2020-2021 წლების საბიუჯეტო კანონპროექტი საქართველოსთვის 132 მილიონი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს.
ასევე, ზალკალიანის განცხადებით, სენატის ასიგნებისკომიტეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტში საქართველოსთვის დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით 15%-იანი დათქმა არ არის.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის 24 ივლისს მიღებულ ვერსიაში აღნიშნული იყო, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა აქვე მითითებული იყო, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებებისკომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცვის კუთხით.