"შეშა კრიმინალი არ არის" - ამ მოწოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებმა და "ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა პლაკატების გარდა ადგილზე შეშაც მიიტანეს. ამ ფორმით მათ რუსთაველის გამზირზე აქტივისტების დაკავება გააპროტესტეს.
"შეშის გამო როგორ შეიძლება აქტივისტი პოლიციის თანამშრომელმა დაიჭიროს?! მსგავსი შემთხვეევა არცერთ ქვეყანაში არ ხდება. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ასეთი უმსგავსო საქციელების ჩამდენი უწყებაა შინაგან საქმეთა სამინისტრო და ასეთი უწყებები უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში,"-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ტიტე გედევანიშვილი.
აქციის მონაწილეების თქმით, სამართალდამცავი უწყება ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს.
"მარტივია ჩვენი მოწოდება: უნდა შეწყდეს რეპრესიები. საქართველოში გვყავს არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც ეყრდნობა მხოლოდ რეპრესიებს, სამოქალაქო აქტივისტები დააკავეს უკანონოდ და ჩვენ გვყავს უამრავი მეგობარი, რომელიც შეშის შემოტანის გამო დააკავეს და დააკავეს იმის გამო, რომ იყვნენ აქციაზე. ანუ, სამართალდამცავი ორგანოები გადაიქცნენ ბიძინადამცველ ორგანოებად. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, გადმოვიდეს ხალხის მხარეს, რადგან არალეგიტიმური ხელისუფლება დიდხანს ვერ გაჩერდება ჩვენს ქვეყანაში,"-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან აქციის მიმდინარეობისას 4 აქტივისტის დაკავება მოჰყვა მცდელობას, რომ ტერიტორიაზე შეშა შეეტანათ და ცეცხლი დაენთოთ. დღევანდელი აქციის მონაწილეებმა პოლიციის თანამშრომლებისგან მიიღეს გაფრთხილება, რომ შს სამინისტროს შენობასთან შეშის დატოვების გამო ჯარიმა გამოეწერებათ.