თელავის რაიონულ სასამართლოში, პანკისელი შმაგი მუთოშვილის წინასასამართლო სხდომა გადაიდო. მიზეზი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მხრიდან პატიმრის ვერ ჩამოყვანა გახდა.
პროცესის გადადების მიზეზი მიუღებელია დაკავებულის ოჯახის წევრებისთვის. მათი განმარტებით, წინასაარჩევნოდ ხელისუფლებისგან მიიღეს დაპირება, რომ საქმის გამოძიება ობიექტურად წარიმართებოდა და შმაგი მუთოშვილი საპატიმროს დატოვებდა.
ისინი ვარაუდობენ, რომ მოატყუეს და განგებ ჭიანურდება პროცესები.
"ჯერ თავს ვიკავებ და არ ვასახელებ იმ ადამიანებს, ვინ დაგვპირდა ჩემი შვილის გათავისუფლებას. ხმებისთვის ვიმუშავეთ და იმიტომ გაიმარჯვეს. თუ არ გამოუშვებენ, მერე გვარებით და სახელებით, ყველას ჩამოვთვლით," - ამბობს დაკავებული შმაგი მუთოშვილის დედა.
ოჯახის მოსაზრებას იზიარებს ბრალდებულის უფლებადამცველი. კახაბერ სოსელიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უსაფუძვლოდ არის დაკავებული და გამოძიება არაკანონიერად მიმდინარეობს.
ცნობისთვის, შმაგი მუთოშვილი გასული წელს პანკისის ხეობაში მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული ვისური მუთოშვილის ძმაა. ის პოლიციამ ორი თვის წინ, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა.
პენიტენციური სამსახურის განმარტებით, ვინაიდან პანდემიის გამო ახალდაკავებული ბრალდებულები თავსდებიან კარანტინში 12 დღით, ასევე პენიტენციური დაწესებულებებიდან სამოქალაქო კლინიკებში სტაციონარულად გადაყვანილი პატიმრებიც სამოქალაქო კლინიკაში საკარანტინო ვადას გადიან, ესკორტის ოფიცრების დიდი ნაწილი კარანტინში მყოფ პატიმრებთან არის გადანაწილებული.
ამასთან, უწყების ცნობითვე, ვირუსის პრევენციის მიზნით, 2020 წლის 24 მარტიდან სასამართლო პროცესები დისტანციურად ტარდება და შესაბამისად, ესკორტის ოფიცრების საჭიროება ამ მხრივ არ იყო. ამიტომ როდესაც გაირკვა, რომ მოცემული პატიმრის სასამართლო არა დისტანციურად, არამედ პატიმრის უშუალო მონაწილეობით უნდა ჩატარებულიყო, ესკორტის სამსახურმა პატიმრის პროცესზე გადაყვანის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა პროცესი 12:00 სთ-ზე უნდა დაწყებულიყო და ზუსტად ამ დროისთვის ვერ მიიყვანდნენ პატიმარს, ცოტა დააგვიანდებოდათ, რის შესახებაც სასამართლოსაც აცნობეს. ცოტა ხანში კი ესკორტს შეატყობინეს, რომ პროცესი გადაიდო და პატიმარი აღარ უნდა ჩაეყვანათ თელავში - განმარტავენ პენიტენციურ სამსახურში.