პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება. თალაკვაძის თქმით, ახლა მთავარია, ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა იქნეს შენარჩუნებული.
"მოლაპარაკებები გრძელდება, მოგეხსენებათ, საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულია, ჩვენ მივესალმებით დიალოგის ფორმატს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავაახლოოთ პოზიციები იმისათვის რათა დემოკრატიამ და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურმა სისტემამ განაგრძოს სტაბილურად ფუნქციონირება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ფორმატში დიალოგი, პოლიტიკურ პარტიებს შორის დასრულდება და ამოიწურება. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს დიალოგი განვაგრძოთ საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში.
ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებში არის პოლიტიკური სტაბილურობა, არის უფრო მეტი თანამშრომლობის შესაძლებლობის მოძებნა პოლიტიკურ პარტიებს შორის და ჩვენს მიერ ჩატარებული დემოკრატიული რეფორმები, რის მიხედვითაც ჩატარდა ეს საპარლამენტო არჩევნები, ამის შესაძლებლობას ნამდვილად აძლევს ყველას. მოდით, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. აქვე გეტყვით, რომ დიალოგი არ დასრულებულა, კარი დიალოგისთვის ღიაა და შეთანხმებისთვის ღიაა, ჩვენ შევთანხმდით რომ კიდევ ერთ შეხვედრას ჩავატარებთ," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.