ზესტაფონის რაიონული პოლიცია 35 წლის მამაკაცის მიმართ სექსუალური შევიწროების და ძალადობის ფაქტს იძიებს. მამაკაცი პოლიციაში დაწერილ განცხადებას თან ურთავს სმს-მიმოწერას, სადაც მისი მტკიცებით, მეგობარი ქალი აშანტაჟებს და სექსუალურად ავიწროვებს.
35 წლის კაცმა პოლიციას ორი დღის წინ მიმართა. გამოძიება იძულების მუხლით მას შემდეგ დაიწყო, რაც კაცმა განაცხადა, რომ ქალი მის საცხოვრებელ სახლში უნებართვოდ შეიჭრა და თავის მოკვლით იმუქრებოდა, თუ მათი ურთიერთობა არ აღდგებოდა.
მომჩივანი მამაკაცი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. რაც შეეხება ბრალდებულ ქალს, ის აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ მამაკაცი მასზე ეჭვიანობდა და კონფლიქტიც ამას უკავშირდება. ასევე განმარტავს, რომ მისი მეგობარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა, თუმცა თავად პოლიციას არ მიმართა.
ზესტაფონის პოლიცია საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით იძიებს, რაც იძულებას გულისხმობს. მათი ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება, ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები. ჯერჯერობით არ გამოკითხულთა ბრალდების მხარე.