ნიკა მელიამ დარბევის ორგანიზატორებად მმართველი გუნდის ლიდერები, საკუთარი კონკურენტი და კონკრეტული პირები მისივე დამწვარი ოფისის წინ დაასახელა. ხანძარი შენობაში დილის 6 საათზე გაჩნდა. ნიკა მელიას თანაგუნდელების ინფორმაციით, უცნობმა პირმა ქვებით ჯერ შუშა ჩაამსხვრია, შემდეგ კი ოფისში რამდენიმე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდო. აალებული შენობა პირველად ტაქსის მძღოლმა შენიშნა, რომელმაც სახანძრო გამოიძახა. შემთხვევის დროს ადგილზე არავინ იმყოფებოდა, დამწვარია კომპიუტერული ტექნიკა და ავეჯი.
მელიას მიერ ოფისის დარბევის ორგანიზატორებად "ქართული ოცნების" ლიდერების დასახელებას მმართველი გუნდი ბრალდებით პასუხობს. "ქართულ ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ დანაშაულის უკან თავად "ნაციონალური მოძრაობა" დგას.
მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 187-ე მუხლით დაიწყო, გამომძიებელთა კითხვებს უკვე უპასუხეს ნიკა მელიას შტაბის წევრებმა და იმ შენობის მფლობელმა, სადაც ოფისია განთავსებული. დანაშაულის უკან ისინიც პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. ფაქტს უშუალო თვითმხილველი არ ჰყავს. დამნაშავის გადაადგილება სავარაუდოდ უნდა დაეფიქსირებინა ახლოს მდებარე აფთიაქის სათვალთვალო კამერას, რომლის ჩანაწერებიც პოლიციამ უკვე ამოიღო.
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დააზიანეს ბათუმშიც. უცნობმა პირებმა შენობის ფასადის მინა გატეხეს.