"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტმა შესაძლოა რეგიონში გეოპოლიტიკურად სერიოზული ცვლილებები გამოიწვიოს.
ზაალ უდუმაშვილმა ასევე დღეს დაანონსებულ მდუმარე აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგჯერ დუმილი ხმამაღალ სიტყვაზე უფრო მეტად ჭრის.
"არ არის გამორიცხული, რომ მთლიანად რეგიონში, გეოპოლიტიკურად სერიოზული ცვლილებები მოხდეს, მაიკ პომპეოს ვიზიტის შემდეგ. თუმცა, არ მინდა მოვლენებს გავუსწრო და დაველოდოთ მის ოფიციალურ განცხადებებს. რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, რომელიც მაიკ პომპეოს უნდა შეხვდეს, დარწმუნებული ვარ, რომ სრულად მიაწვდის ინფორმაციას, როგორც ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, ასევე 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით. იქნება მდუმარე აქცია, ზოგჯერ დუმილი ხმამაღალ სიტყვაზე უფრო მეტად ჭრის, თუმცა იქნება კონკრეტული გზავნილები, ქვეყნის პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფოს მიტაცების მცდელობასა და 31 ოქტომბრის არჩევნებს ეხება," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი.
საქართველოში დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჩამოდის. მაიკ პომპეოს თვითმფრინავს
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის მეორე ნახევარში ელოდებიან. ოფიციალურ შეხვედრები დაიწყება ხვალიდან, მაღალი რანგის სტუმარი მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს.