19 ნოემბერი 2024,   08:14
ვრცლად
ჩვენს სითამამეს ზურგს უმაგრებს სიმართლე, ხოლო მათ თავშეკავებას საფუძვლად უდევს სიყალბე - ირაკლი კობახიძე ოპოზიციას დებატებში კიდევ ერთხელ იწვევს

"ქართული ოცნება" არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციას დებატებზე კიდევ ერთხელ იწვევს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ  დღეს ბრიფინგზე განაცხადა. "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და დაცული იყო ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.  ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ ამ ფონზე სთავაზობს მმართველი პარტია ოპონენტებს დებატებში ჩართვას:

"გვინდა გამოვეხმაუროთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების გუშინდელ განცხადებებს არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვით. ამ ფონზე მნიშვნელოვანია ასამბლეის წარმომადგენელთა მოწოდება ოპოზიციის მიმართ, შევიდნენ პარლამენტში და თავიანთი საქმიანობა დემოკრატიულ ინსტიტუციებში განაგრძონ. იმედი გვაქვს, ოპოზიცია ყურად იღებს საერთაშორისო პარტნიორების ამ მოწოდებას.

ამ ფონზე გვსურს, კიდევ ერთხელ მოვიწვიოთ ოპოზიციის წარმომადგენლები დებატებში, რათა არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა დეტალს საჯაროდ მოვფინოთ ნათელი. სამწუხაროა, რომ ისინი უკვე სისტემატურად ამბობენ უარს ყველა იმ შეთავაზებაზე, რომელიც არჩევნების შეფასებასთან არის დაკავშირებული. მათ თავდაპირველად გაუგებარი მიზეზით თქვეს უარი საარჩევნო უბნების გადათვლაზე და საარჩევნო უბნებში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოყენებაზე. გუშინ კი, მათ თქვეს უარი არჩევნებთან დაკავშირებულ დებატებში მონაწილეობაზე.

 აშკარაა, რომ მათ აქვთ შიში ყველა იმ შეთავაზების მიმართ, რომელიც ნათელს მოჰფენს საარჩევნო პროცესს. თუმცა, მათ უნდა ეყოთ სითამამე, გაბედონ და ჩაერთონ დებატებში, რათა საზოგადოებამ გაიგოს სრული სიმართლე არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენს სითამამეს ზურგს უმაგრებს სიმართლე, ხოლო მათ თავშეკავებას საფუძვლად უდევს სიყალბე, რომლითაც ისინი არჩევნების შეფასებისას გამოირჩევიან. დებატებში მონაწილეობაზე უარი ჩაითვლება ოპოზიციის კაპიტულაციად და შესაბამისად, მათი ყოველგვარი საუბარი არჩევნებთან დაკავშირებით უხეშ სპეკულაციად შეფასდება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან შეთავაზებულ ფორმატს, რომ დებატები ყველა ტელევიზიით უნდა გადაიცემოდეს და მასში მონაწილეობა ყველა ტელევიზიის ჟურნალისტს უნდა შეეძლოს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ოპოზიციას სთავაზობს კლასიკურ დებატებს და არა  შოუს.

დღის ამბები