19 ნოემბერი 2024,   08:18
ვრცლად
გავლენები ქართულ სასამართლოში და კლანური მმართველობის პრობლემები მართლმსაჯულებაში - რა საკითხებზე ისაუბრა მაიკ პომპეომ NGO-ებთან

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის და არასამთავრობო სექტორის შეხვედრის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჟურნალისტებთან ისაუბრეს იმ თემებზე, რომლებზეც მაიკ პომპეოსთან შეხვედრისას გაამახვილეს ყურადღება:

"პირველ რიგში ეს არის პრობლემები კანონის უზენაესობის, სასამართლო ხელისუფლების და დემოკრატიული მმართველობიდან უკუსვლის მიმართულებით. ყურადღება გავამახვილეთ არაფორმალური მმართველობა რამდენად საფრთხე გახლავთ დემოკრატიული განვითარებისთვის," - განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ.

"ღია საზოგადოების ფონდის" ადამიანის უფლებების პროგრამის კოორდინატორის სოფო ასათიანის თქმით, სახელმწიფო მდივნის, ასევე აშშ-ის საელჩოს მთავარი ორიენტირი იყო დემოკრატიული პროცესების და ინსტიტუციური რეფორმების შეფასება:

"შესაბამისად, ჩვენ ვისაუბრეთ სასამართლო ხელისუფლებაზე, იქ არსებულ გამოწვევებზე, კლანზე, რომელიც აკონტროლებს სასამართლოს უკვე ყველა ინსტანციას და ვთხოვეთ აშშ-ის ხელისუფლებას და საელჩოს, რომ განსაკუთრებით აქტიურად დააკვირდეს მიმდინარე პროცესებს და უფრო აქტიური როლი ჰქონდეს სასამართლო ხელისუფლების ცვლილებაში," - განაცხადა სოფო ასათიანმა.

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორი გვანცა წულუკიძე ამბობს, რომ მისი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გიორგი რურუას, კარტოგრაფების საქმეებზე, საუბარი იყო სამოქალაქო აქტივისტების საქმეებზეც. მისი თქმით, შეხვედრისას ნახსენები იყო ბიძინა ივანიშვილიც:

"ბიძინა ივანიშვილის სახელი გაჟღერდა რამდენჯერმე, როგორც არაფორმალური მმართველის, რომელსაც ხელთ უპყრია ხელისუფლების სამივე შტო," - აღნიშნა გვანცა წულუკიძემ.

დღის ამბები