ამ წუთებში, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების სასჯელის დანიშვნის სხდომა მიმდინარეობს. რა სასჯელს შეუფარდებს მოსამართლე 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს, ცოტა ხანში გაირკვევა. გადაწყვეტილების გამოცხადებას პროტესტის ნიშნად არ ესწრება ადვოკატების ნაწილი. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, შესაძლებელია, ბრალდებულებს პირობითი სასჯელი შეეფარდოთ.
"უნდა გადაწყდეს მისთვის სასჯელის ზომა, რასაც მას შეუფარდებს სასამართლო. რაც შეეხება მოლოდინებს, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი სრულიად უსაფუძვლოდ, მტკიცებულების გარეშე იქნენ დამნაშავედ ცნობილნი, დიდი მოლოდინები სამართლიან სასჯელთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ვერ მექნება,"-განაცხადა არასრულწლოვან ზ. ხ.-ს ადვოკატმა მურმან ნიკოლეიშვილმა.
ვახტანგ ჩიქოვანის და არასრულწლოვან ნ. ც.-ს ადვოკატი არჩილ ბერიანიძე აცხადებს, რომ მოსამართლისგან ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვს.
"სასამართლოს ცალსახად უნდა მიეღო ნიკოლოზ ცუცქირიძესთან მიმართებაში გამამართლებელი განაჩენი. ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით იმ მტკიცებულებებიდან გამომდინარე, რომელიც არის სისხლის სამართლის საქმეში და რომელიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო არსებითი სხდომების განხილვის დროს. არ მაქვს რაიმე სახის მოლოდინი ლოგიკური და გონივრული, რამაც შეიძლება წინასწარ მომცეს იმის განსაზღვრის საშუალება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასჯელთან დაკავშირებით სასამართლო. ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით ყველანაირი დადებითი თვისება არის ასახული ნიკოლოზ ცუცქირიძესთან მიმართებაში,"-განაცხადა მან.
საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის მტკიცებით, ბრალდების მხარემ წარმოადგინა არაერთი მტკიცებულება, რაც სასამართლომ სრულად გაიზიარა.
"ბრალდების მხარემ წარმოადგინა არაერთი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითიც სასამართლო უტყუარად დარწმუნდა, რომ ექვსივე პირი, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ბრალდებულები ნამდვილად დამნაშავეები არიან ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებაში. სასამართლომ გაიზიარა ეს მტკიცებულებები და მასზე დაყრდნობით თითოეული მათგანი სცნო დამნაშავედ ბრალად წარდგენილ ქმედებაში. რაც შეეხება დამცველების პოზიცია, მიგვაჩნია, რომ ეს არის მათი მხრიდან თავის მართლების მცდელობა,"-განაცხადა პროკურორმა.