საქართველოში შესაძლოა საველე ჰოსპიტლები მოეწყოს. ამ მოთხოვნით მთვრობას საქართველოს კლინიკების ასოციაცია მიმართავს. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ დიდ კლინიკებთან, 100-დან 500-ს პაციენტამდე გათვლილი კარვების გახსნა უკვე აუცილებელია.
იმაზე, რომ პაციენტებს უკვე ვეღარ იღებენ, დღეს კოვიდკლინიკების ხელმძღვანელები ღიად საუბრობენ. სამედიცინო დაწესებულებებში ადგილები ფიზიკურად აღარ არის. პარალელურად პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამკაცრებაზე მუშაობს საკოორდინაციო საბჭო, რეგულაციები ამ კვირაში გადაიხედება.
"ყოველდღიურად თუ ასეთი მატება იქნება დადასტურებული შემთხვევების, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ნამდვილად კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდება და ვერ გაუძლებს ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ რასაც ვხედავთ ახლა, ჩვენი კლინიკის მაგალითზე თავისუფალი ადგილები ფაქტიურად აღარ არის. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გაითავისოს თითოეულმა მოქალაქემ," - აცხადებს ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტი მეგი კობახიძე. მისი თქმით, ისეთი სივრცეებში, როგორიცაა სავაჭრო ცენტრები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაწესდეს გარკვეული შეზღუდვები, რათა მაქსიმალურად მოხდეს მათი განტვირთვა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ლევან გოფოძე ამბობს, რომ ყველა ის ადგილი, სადაც ხდება ადამიანების მასიურად თავშეყრა, უნდა იქნეს ძალიან მკაცრად გაკონტროლებული:
"ჰოსპიტალური სექტორი ამჟამად საკმაოდ დიდ დაწოლას განიცდის და შესაძლებელია ითქვას, რომ პრაქტიკულად ადგილი არ არის ჩვენ კლინიკაში, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანების მასობრივი თავშეყრის ადგილები შეიზღუდოს და რაც შეიძლება მკაცრად გაკონტროლდეს. შესაძლებელია სავაჭრო ცენტრები სრულად არ დავკეტოთ, მაგრამ გარკვეული თამაშის წესები უნდა იქნეს მიღებული. რა თქმა უნდა წერტილოვანი შეზღუდვები უნდა იყოს, რა ხარისხით და სად ამას ალბათ განსაზღვრავენ კომპეტენტური ორგანოები. მე მიმაჩნია, რომ ყველა ის ადგილი, სადაც ხდება ადამიანების მასიურად თავშეყრა, უნდა იქნეს ძალიან მკაცრად გაკონტროლებული, ვთქვათ საზოგადოებრივი ტრანსპორტი," - განაცხადა ლევან გოფოძემ.