19 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
შს სამინისტროს თანამშრომლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა 

პოლიციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1955 წელს დაბადებული ნ.ც. განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - გ.მ.-ს, თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.

გ.მ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია და ინციდენტის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. დაჭრილი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნ.ც. მომხდარიდან მალევე, თბილისში, მისსავე საცხოვრებელ სახლში დააკავა. დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია"ტტ"-ს სისტემის პისტოლეტი,"- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები