მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 77 მილიონს აღწევს. კვლავ აქტიურად მიმდინარეობს კომპანიების "ფაიზერისა და ბიოტექის" მიერ შექმნილი პრეპარატით ვაქცინაცია დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელში. აშშ-ში 280 000-მდე ადგილობრივმა ვაქცინა უკვე მიიღო, ისრაელში კი მოქალაქეების წახალისების მიზნით კომპანიების, "ფაიზერისა და ბიოტექის" COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატი პირველმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიიღო. აღნიშნული კომპანიების მიერ წარმოებული ვაქცინა დაამტკიცეს შვეიცარიაშიც, სადაც იმუნიზაციის პროცესი 2020 წლის ბოლომდე დაიწყება და 2021 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
დღემდე არსებულმა მონაცემებმა ყველა გამოკვლეულ ასაკობრივ ჯგუფში ეფექტურობის მაღალი დონე აჩვენა. მოზრდილებში მეორე ინექციიდან 7 დღეში დაცვის დონე 90%-ზე მეტია, აცხადებენ შვეიცარიის მარეგულირებელ უწყებაში.
ვაქცინაციის პარალელურად კვლავ მზარდია ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი, რის გამოც ევროპის ქვეყნები საშობაოდ რეგულაციების შემსუბუქებისგან თავს შეიკავებენ.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში ინფიცირების კიდევ 600 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 10 000-ზე მეტი პაციენტი.