ცხრამეტმა ექიმმა "ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია" დააფუძნა. ორგანიზაციაში გაერთიანდნენ სამედიცინო მუშაკები, რომლებიც საქმიანობენ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მათი თქმით, ასოციაციის მიზანია ექიმებისა და პაციენტების უფლებების დაცვა, ასევე, რეკომენდაციების შემუშავება COVID-19-თან ეფექტიანი ბრძოლის კუთხით.
"ნებისმიერი აზრის არსებობის დროს, თუ ეს სამედიცინო სპეციფიკას ეხება, ყოველთვის უნდა არსებობდეს სწორი და ჯანსაღი განხილვის შესაძლებლობა. არ შეიძლება ქვეყანაში იყოს პანდემია და მხოლოდ ვიწრო ჯგუფი, რაც არ უნდა გამოცდილი და ცნობილი ექიმების და კლინიკის ხელმძღვანელებით იყოს ეს დაკომპლექტებული, იღებდეს ქვეყნისთვის სამედიცინო თვალსაზრისით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ამიტომ, ეს იქნება არა მარტო მოსახლეობისთვის, იგივე სახელმწიფოსთვის საკონსულტაციო ჯგუფი," - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.
მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯექსონის კლინიკის რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტის დირექტორი, ზურაბ გურული, რომელიც გაუმართავ სისტემაზე საუბრობს.
"საერთაშორისო კლასის პროფესიონალების სრულიად საკმარისი რაოდენობა გვყავს როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთ, მაგრამ სისტემის არ არსებობის, მოუქნელი ბიუროკრატიის გამო მათი ეფექტურად გამოყენება ძალიან გაძნელებულია და ხანდახან თითქმის შეუძლებელიც არის," - ამბობს ზურაბ გურული.