19 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
გაფართოვდება თუ არა იმ მუხლების ჩამონათვალი, რომელსაც ამნისტია უნდა შეეხოს - კანონის საბოლოო ვერსია ძალაში სავარაუდოდ თებერვალში შევა

გაფართოვდება თუ არა იმ მუხლების ჩამონათვალი, რომლებსაც ამნისტია უნდა შეეხოს.
მმართველ პარტიაში ადასტურებენ, რომ კანონპროექტში ასახული სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები საბოლოო არ არის.

კომიტეტმა განხილვა უკვე დაიწყო. არ არის გამორიცხული, ნარკოტიკების გამსაღებლების, მკვლელობაზე მსჯავრდებულების და ოჯახური ძალადობისთვის დაკავებულების გარდა ამნისტია შეეხოს სხვა მუხლებს, რომლებიც მსუბუქ დანაშაულში არ გადის. საუბარია პატიმრობის ვადის შემსუბუქებაზე.

ამნისტიის შესახებ კანონპროექტის პირველი რედაქცია 44 მუხლს მოიცავს და წინასწარი გათვლებით, 800-მდე პატიმრის გათავისუფლებას ითვალისწინებს. დაახლოებით 700-ს სასჯელი შეუმსუბუქდება, 800-მდე მსჯავრდებულს კი პირობითი პატიმრობა უნდა მოეხსნას.

ამნისტირებულთა 80%-ზე მეტი იქნება ის, ვინც სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდის. გაიზრდება თუ არა ეს მონაცემები, განხილვების შედეგზე იქნება დამოკიდებული. შემდეგი ეტაპი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მსჯელობაა. წინასწარი მონახაზით, ამნისტიის შესახებ კანონის საბოლოო ვერსია ძალაში თებერვლის ბოლომდე შევა.

დღის ამბები