2020 წლის ბოლო დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის მიმართვა გაავრცელა.
მიმართვაში ამირან გამყრელიძე მადლობას უხდის სამედიცინო საზოგადოებას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კოლექტივს და აღნიშნავს, რომ ისინი ყოველთვის პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე დგანან.
"მივესალმები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს, მთელს საზოგადოებრივ ჯანდაცვის ქსელს და საერთოდ - მაქვს უფლება, რომ მივესალმო მთლიანად საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას. ყველას დიდი მადლობა იმ დაუღალავი შრომისთვის, რასაც თქვენ ეწეოდით ძალიან მძიმე 2020 წელს, თითოეული თქვენგანის შრომა შეუფასებელია.
მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო დაავადებათა კონტროლის ცენტრის დიდ კოლექტივს, რომლებიც იყვნენ, არიან და ყოველთვის იქნებიან წინა ხაზზე ეპიდემიებთან ბრძოლაში. 2020 წელს თითოეულმა თქვენგანმა არ იცოდა დღე და ღამე. თქვენი შრომა, თუ არ არის ჩვენგან, ხელმძღვანელობის მიერ სათანადოდ დაფასებული, ბოდიში, მაგრამ თქვენ ამას გიფასებთ ხალხი, საზოგადოება. ამიტომ, მინდა, რომ 2021 წელი თითოეული თქვენგანისთვის იყოს, პირველ რიგში, ჯანმრთელობის, ბედნიერების, ბევრი სიხარულის დ სიკეთის მომტან წელი, თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის. დავარწმუნოთ ერთმანეთი, რომ ჩვენ ერთად დავამარცხებთ ამ დიდი გამოწვევას, რასაც პანდემია ჰქვია. თქვენი იმედი ყოველთვის აქვს საზოგადოებას და ღმერთმა ნუ მოუშალოს,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.