18 აპრილი 2024,   22:00
ვრცლად
კორონავირუსის ახალი შტამი რეგულაციების გამკაცრების მიზეზი ხდება - რომელ ქვეყანაში აიცრა ყველაზე მეტი ადამიანი

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ კორონავირუსის ახალი შტამი უფრო სახიფათო და მომაკვდინებელია, მსოფლიოში ის მაინც განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. საგანგაშო ახალი შტამის გავრცელების სისწრაფეა. ბოლო ცნობებით, ის 50%-ით უფრო სწრაფადაც გადადის, ვიდრე მისი წინამორბედი, ამიტომ ახალი შტამის ტალღას, შესაძლოა, კლინიკების ყველაზე მეტად გადატვირთვა მოჰყვეს, რაც ფატალურ შემთხვევებსაც გაზრდის.

კორონავირუსის ახალი სახეობა, რომელიც პირველად გაერთიანებულ სამეფოში დაფიქსირდა, უკვე მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაშია დადასტურებული. ახალი შტამის გავრცელების გამო მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ გაამკაცრა კოვიდრეგულაციები. მათ შორისაა დიდი ბრიტანეთი, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო თებერვლის შუა რიცხვებამდე საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა. დაიხურა თითქმის ყველაფერი, გარდა სურსათის მაღაზიებისა და აფთიაქებისა. მკაცრი რეგულაციები მოქმედებს საფრანგეთში, გერმანიაში, თურქეთსა და საბერძნეთშიც.

რეგულაციების გამკაცრების პარალელურად, გრძელდება ვაქცინაციის პროცესიც. ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მოსახლეობის 14,14%-მა უკვე მიიღო. რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში, ვაქცინაციით ყოველ 100 მოსახლეზე, ისრაელი ლიდერობს. ამ ქვეყნის შემდეგ, ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბაჰრეინის სამეფოშია.

აცრილი მოქალაქეების რაოდენობის მიხედვით, მესამე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები. თუმცა, ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი დაგეგმილზე ნელი ტემპით დაიწყო. დღეისათვის,  აშშ-ში "ფაიზერ-ბიოტექის" და "მოდერნას" ვაქცინების 13 მილიონი დოზაა განაწილებული, მაგრამ ამ დრომდე მხოლოდ 4.2 მილიონი ამერიკელის აცრა მოხერხდა.

დღის ამბები