01 მაისი 2024,   00:43
ვრცლად
დონალდ ტრამპი ძალაუფლების მშვიდობიანად დათმობას დათანხმდა

დონალდ ტრამპი ძალაუფლების მშვიდობიანად დათმობას დათანხმდა. 20 იანვარს ყველაფერი მშვიდობიანად და დემოკრატიული ღირებულებების დაცვით მოხდება, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას მისი სოციალური მედიის თანაშემწე დან სკავინო twitter-ში ავრცელებს.

"მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვეთანხმები არჩევნების შედეგებს და ფაქტებიც ჩემ განცხადებას ამტკიცებს, 20 იანვარს ორგანიზებული გადაცემა მოხდება. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ გავაგრძელებთ ბრძოლას, რათა მხოლოდ კანონიერი ხმების დათვლა მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის საპრეზიდენტო ისტორიაში ყველაზე დიდებული პირველი ვადის დასრულება, ეს მხოლოდ ჩვენი ბრძოლის დასაწყისია იმისათვის, რომ ამერიკა ისევ დიადი გახდეს." - ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.

ტრამპის განცხადებამდე აშშ-ის კონგრესმა ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა. კონგრესმა დაადგინა, რომ საარჩევნო კოლეგიის ხმების მიხედვით, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს არჩევნები მოუგო. კონგრესის სხდომა 10 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და აშშ-ის ისტორიაში ყველაზე გრძელი იყო.

შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესში, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინათ, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრნენ და მასობრივი არეულობა მოაწყეს. შენობაში მომიტინგეების შეჭრის შემდეგ კონგრესის ორივე პალატის სხდომა შეჩერდა. აშშ-ის დედაქალაქში მასობრივ არეულობებს 4 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა რობერტ კორტნიმ განაცხადა. გარდაცვლილები კაპიტოლიუმზე ძალისმიერ იერიშს ემსხვერპლნენ. დაკავებულია 52 პირი. 

კაპიტოლიუმის შენობაში ამ დროისთვის სიმშვიდეა.

დღის ამბები