პრეზიდენტმა პოლიტიკური განცხადება ჯარისკაცების წინაშე, საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა. სალომე ზურაბიშვილმა ტრიბუნიდან თქვა, რომ ვინც დაპირისპირებას და პროვოკაციას თესავს, ის საკუთარი ჯარისა და სამშობლოს წინააღმდეგ დგას.
ზურაბიშვილის მხრიდან გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებას დღევანდელი დღისთვის შეუფერებელი უწოდა მთავრობის მეთაურმა. ირაკლი კობახიძემ ადგილზევე შეაფასა ზურაბიშვილის გამოსვლა და თქვა, რომ მან ქართულ ჯარს შეურაცხყოფა მიაყენა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხისა და ქვეყნის ღალატისთვის ყველა აგებს პასუხს.
პრემიერის და პრეზიდენტის გარდა, თავდაცვის ძალების დღე სამხედროებს პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმაც მიულოცეს. ყველა დღეს სამხედროებს სამშობლოს დაცვისა და თავდადებისთვის მადლობას უხდიდა.
ჯარის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში მარშის თანხლებით საქართველოს სახელმწიფო და თავდაცვის ძალების დროშების შემოტანით გაიხსნა, ეროვნული გვარდიის ორკესტრმა კი სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.
ქვემეხებიდან საზეიმო ზალპების გასროლის შემდეგ, საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. დღესვე, სამხედრო ფიცი დადეს რეკრუტებმა და ქართულ ჯარს ოფიციალურად შეუერთდნენ.
დღესვე, პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და დედაქალაქის მერმა ვაზიანში მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და სამწყობრო მოედანზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს. საზეიმო ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა, რის შემდეგაც, სამხედრო მოსამსახურეებმა ჯარისკაცის მრწამსი წაიკითხეს. ღონისძიება შვეულმფრენების გადაფრენით დასრულდა.