16 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა - სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის

პლენარულ სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. პირველი სიტყვიერი დაპირისპირება მომხსენებელსა და დეპუტატებს შორის თიკა ბოკუჩავას გამოსვლას მოჰყვა.

ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლების გამოსვლას ანრი ოხანაშვილის მხრიდან წარსულის შეხსენება მოჰყვა. სწორედ გიორგი ვაშაძეს უთხრა მომხსენებელმა, რომ მისი წარსულის გათვალისწინებით, მას მორალური უფლება არ აქვს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.

დარბაზში ხმაური გამოიწვია ხატია დეკანოიძის გამოსვლასაც. რეპლიკები ისმოდა გიორგი გახარიას გუნდის წევრების მხრიდანაც.

ამის შემდეგ, სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციის ნაწილსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის გაგრძელდა.

კანონპროექტის აუცილებლობის შესახებ კითხვა დღესაც აქტუალური იყო. ოპოზიციის გზავნილი უცვლელი იყო - რატომ სურთ ინიციატორებს კონკრეტული სუბიექტები უცხო ქვეყნის გავლენის ობიექტებად დარეგისტრირდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლების გამოსვლების შემდეგ, მომხსენებელმა თქვა, რომ ყველა ვინც კანონპროექტს ეწინააღმდეგება ე.წ შავი ფულის გადამალვის ინტერესი აქვს და გამჭვირვალობის არ უნდა ეშინოდეთ.

ოპოზიციის გამოსვლებს პასუხი უმრავლესობის წევრების მხრიდანაც მოჰყვა.

ოპოზიციის ნაწილის შეკითხვები კანონპროექტის სათაურში ცვლილებას ეხებოდა, ნაწილმა მომხსენებელს კონკრეტული პუნქტის გაუქმება შესთავაზა, რასაც ანრი ოხანაშვილი ტრიბუნიდანვე დაეთანხმა.

”უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა, სესიაზე დღეს დაიწყო. კენჭისყრა კი სავარაუდოდ მომდევნო დღეებში მოხდება.

დღის ამბები