"ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ სახალხო შეკრებაზე, მმართველი პარტიის დამფუძნებლის მთავარი გზავნილი, ქვეყნის სუვერენიტეტს და სარწმუნოებას ეხებოდა - "სუვერენიტეტი, რომელიც ენა, მამული, სარწმუნოების მთავარ პრინციპებს უნდა ემყარებოდეს". მთავარ გზავნილს ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
"ოცნების" ოპონენტებმა, სახელისუფლებო პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, რიტორიკა დაუწუნეს.
ის, რაც ნიკა გვარამიასთვის დასავლეთთან კონფრონტაციაა, ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მიმართ მეგობრების მხრიდან თანასწორი და პარტნიორული მიდგომების მოთხოვნაა. "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, საზოგადოებას ამ კუთხით ილია ჭავჭავაძის სიტყვებიც შეახსენა. განმარტა ის ტაქტიკური და შინაარსობრივი მიზეზიც, რის გამოც კანონი გამჭვირვალობის შესახებ კვლავ დღის წესრიგში დადგა.
კიდევ ერთი გზავნილი, რომელიც ოპოზიციის დიდი ნაწილის მხრიდან კრიტიკული შეფასებების მოტივი გახდა - ყოფილ სახელისუფლებო პარტიას უკავშირდება. პირობა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ და სამართლებრივ საფასურს გადაიხდის, თავად "ნაცმოძრაობაში" არ უკვირთ. ამბობენ, რომ ხელისუფლებისთვის ისინი წლებია მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენენ. "ნაცმოძრაობის" გასამართლება და გამჭვირვალობის კანონის ივანიშვილისეული განმარტება მიუღებელია სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც.
"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა და ოპოზიციაში ყოფნის 12 წელი - ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა. "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, შეკრებილებს, წარსული და ადამიანის უფლებების ფუნდამენტური დარღვევების ფაქტებიც შეახსენა. მისი თქმით, გლობალურ ფაქტორებთან ერთად საქართველოს სტაბილურობას "ნაცმოძრაობა" და მისი იდეური დანამატებიც უქმნიან. შესაბამისად, 2024 წელი მათთვის პოლიტიკურად წყალგამყოფ თარიღად უნდა იქცეს.
ბიძინა ივანიშვილის მიერ სახალხო შეკრებაზე გაკეთებულ გზავნილებს დროულს და აუცილებელს უწოდებს მმართველი გუნდი. სუვერენიტეტი, უცხო გავლენებისგან ქვეყნის დაცვა, უარი მეორე ფრონტს და კულტურული ღირებულებების შენარჩუნება - საპარლამენტო უმრავლესობის აზრით, ეს ის ძირითადი საკითხებია, რამაც საქართველოს ევროპულ გზაზე მნიშვნელოვანი დამხმარის ფუნქცია უნდა აღმოუჩინოს.
"ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ სახალხო შეკრებაზე სახელისუფლებო პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ქვეყნის შეუქცევად ევროინტეგრაციაზეც ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილმა მხარდამჭერებს წარსულში გაკეთებული საკუთარი განცხადებები შეახსენა და პირობა დადო, რომ საქართველო 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება.