08 სექტემბერი 2026,   10:22
ვრცლად
ამ წუთებში, ძმის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო სხდომა იწყება - ადვოკატი გირაოს შუამდგომლობას დააყენებს

ამ წუთებში სასამართლოში ძმის მკვლელობისთვის დაკავებულის პირველი წარდგენის სხდომა იწყება.19 წლის მიშო ახლოურისთვის სასიკვდილო ჭრილობების მიყენებისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების ფორმას დღეს განუსაზღვრავენ.

ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი ახლოური ძმის მკვლელობას არ აღიარებს და განმარტავს, რომ დანაშაულის განზრახვა არ ჰქონია.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. დღეს ჩანიშნულია სასამართლო სხდომა აღკვეთის ღონისძიების საკითხზე. პროკურატურამ სასამართლოს მიმართა პატიმრობის მოთხოვნით, დაცვის მხარე კი შეეცდება დაასაბუთოს პატიმრობის გამოყენების მიზანშეუწონლობა. ვაპირებთ, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით მოვითხოვოთ გირაო. ეს იყო გაუფრთხილებლობითი დანაშაული, ყოველგვარი განზრახვა, ამ შემთხვევაში, გამორიცხულია. დიახ, მამამისი იმყოფებოდა სახლში, თუმცა მას არაფერი დაუნახავს, ვინაიდან იყო მეორე ოთახში და ეძინა. ეს იყო საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი და არანაირი დაძაბული ურთიერთობა ძმებს, სხვა დროს, არასდროს არ ჰქონიათ,"-განაცხადა ადვოკატმა თამარ გაჩეჩილაძემ. 

შეგახსენებთ, გარდაცვლილს ერთადერთი ჭრილობა აქვს გულ-მკერდის არეში მიყენებული. ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები