19 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
დაახლოებით 1500 პატიმარს უშუალოდ შეეხება ეს ამნისტია - პარლამენტმა ხვალ, შესაძლოა, ამნისტიის კანონპროექტი დაამტკიცოს

პარლამენტი ხვალ ამნისტიის კანონპროექტს განიხილავს. შესაძლოა, პროექტი ხვალვე დაამტკიცონ.

კანონპროექტში უკვე აისახა გარკვეული ცვლილებები, გაფართოვდა იმ მუხლების რაოდენობა, რაც თავდაპირველ ვარიანტში იყო.

"გაფართოვდა იმ ადამიანების წრე, რომლებზეც იქონიებს გავლენას. ეს არ არის მხოლოდ 44 მუხლს დამატებული რამდენიმე ათეული მუხლი, არამედ, დაახლოებით 1500 პატიმარს უშუალოდ შეეხება ეს ამნისტია.

ასევე, დაახლოებით, 6 ათასზე მეტი იქნება რაოდენობა პრობაციონერების, რომლებსაც, ასევე, უშუალოდ შეეხება სასჯელის შემსუბუქება, რომელიც არის გათვალისწინებული ამნისტიით, სხვადასხვა ფორმით.

ასევე, არის 4 ათასამდე ადამიანი, რომელთა 2012 წლის 1 ოქტომბრამდე დაკისრებული სისხლის სამართლის ჯარიმების ამნისტირება მოხდება," - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ამნისტიის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით "კურიერი" არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ესაუბრა. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორის გურამ იმნაძის თქმით, ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით პარლამენტი უფრო თამამი უნდა ყოფილიყო.

"უმცირესი ოდენობა ნარკოტიკის შეიძლება ჩაითვალოს დიდ ან განსაკუთრებით დიდ ოდენობად და ამ პირობებში ჩვენი მოსაზრება იყო, რომ უფრო თამამი უნდა ყოფილიყო პარლამენტის მიდგომა ასეთ დანაშაულთან დაკავშირებით, როცა სახეზე არ არის ისეთი დამამძიმებელი გარემოებები, როგორიცაა, ვთქვათ, გასაღება ან ორგანიზებული დანაშაული. ჩვენი შეფასება იყო, რომ ვთქვათ, დიდი ოდენობის შემთხვევაში აბსოლუტურად გაუქმებულიყო სასჯელი. რაც შეეხება განსაკუთრებით დიდ ოდენობას, აქაც მხოლოდ 1/4-ით არ შემსუბუქებულიყო სასჯელი," - განაცხადა გურამ იმნაძემ.

დღის ამბები