27 აპრილი 2024,   07:14
ვრცლად
ქორწინების იძულება - გარდაბანში არასრულწლოვანი ნათესავებმა სახლიდან გაიტყუეს და მისი ნების საწინააღმდეგოდ გამოკეტეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნის გატაცებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით გარდაბანში ოთხი პირი დააკავა. ირკვევა, რომ 15 წლის გოგო ცოლად მოყვანის მიზნით საკუთარმა ბიძაშვილმა დედის დახმარებით მოიტაცა.

საქმეში ფიგურირებს კიდევ ორი ქალი, რომლებმაც ბავშვი გაიტყუეს და ერთ-ერთის სახლში მისი ნების საწინააღმდეგოდ გამოკეტეს.

გოგონას გეგმები ახლა მხოლოდ სწავლას უკავშირდება. 

ოთხივე დაკავებული ბრალს აღიარებს. რუსთავის სასამართლომ 23 წლის ბიჭს, მის დედას და ბიცოლას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 7 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა ჯგუფურ გატაცებაში მონაწილე კიდევ ერთ პირს - 23 წლის ბიჭის ბიძაშვილის ცოლს. დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

საქართველოს ბავშვობის ასაკში ქორწინების ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი აქვს აღმოსავლეთ ევროპაში. უფლებადამცველები ამბობენ, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება, სამართალდამცავ უწყებებს, სოციალურ სამსახურსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობა და რეაგირების მექანიზმების დახვეწაა საჭირო.

ქორწინების იძულების მრავალი შემთხვევა არ საჯაროვდება.

დღის ამბები