5-ჯერ შეცვლილი ჩვენების შემდეგ დღეს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის ერთ-ერთ ოქროს მოწმეს ჯვარედინი წესით დაკითხავენ.
დაზარალებულის სტატუსის მქონე ფოტოგრაფის გამოკითხვა სასამართლოში გასულ სხდომაზე დაიწყო, თუმცა, ადვოკატების მოთხოვნით, პროცესი გადაიდო.
როგორც ინტერესების დამცველები აცხადებენ, იაკობ ბრეგვაძემ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებებიდან სასამართლოში რადიკალურად განსხვავებული ჩვენება მისცა.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
იაკობ ბრეგვაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჩვენებებს არ ცვლის და ყვება ყველაფერს, რაც მისთვის არის ცნობილი.
ბრეგვაძე სასამართლოში ადვოკატ ირმა ჭკადუასთან ერთად იმყოფება, ადვოკატს ჟურნალისტებთან მოუწია იმის განმარტება, თუ რატომ მივიდა იაკობ ბრეგვაძე გუშინ გენერალურ პროკურატურაში.
"გუშინ იაკობთან ერთად იმიტომ არ ვიყავი, რომ ის არ იკითხებოდა. მოსული იყო ფოტოაპარატის განათების თაობაზე, რომლის დაბრუნებაც ითხოვა, მაგრამ უარი უთხრეს,"- განაცხადა ირმა ჭკადუამ.
დაკავებულების ადვოკატები კი აცხადებენ, რომ იაკობ ბრეგვაძე სასამართლოში სრულიად განსხვავებულ ჩვენებას აძლევს და ცრუობს.
დღეს დაკავებულების ადვოკატებს იაკობ ბრეგვაძესთან ექნებათ კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იყო ის გუშინ პროკურატურაში მისული.