მთავრობის მიერ დამტკიცებული ვაქცინაციის სამეტაპიან გეგმას მიესალმებიან ეპიდემიოლოგები. მათი შეფასებით, ქვეყანამ უმაღლესი ხარისხის ვაქცინებზე გააკეთა არჩევანი, რომელიც ეტაპობრივად შემოვა ქვეყანაში და ეპიდვითარების სტაბილურობას ხელს შეუწყობს.
მათივე თქმით, გვერდითი მოვლენების მაქსიმალურად თავიდან ასარიდებლად ვაქცინაციის დაწყებამდე აუცილებლად მოხდება შესაბამისი ჯგუფების გამოკვლევა.
"ჩვენ შეიძლება ვინერვიულოთ ის ეფექტურია თუ არა, რამდენი ხანი დაგვიცავს თუ არა, საზოგადოება ამაზე უნდა მსჯელობდეს. სანამ ჩვენამდე მოაღწევს 200 მილიონი და კიდევ მეტი იქნება ვაქცინირებული, ამიტომ თუ რაიმე გვერდითი მოვლენები გამოვლინდება სერიოზული, პირველ რიგში, ის ქვეყნები შეაჩერებენ პროცესს. ჯერ მსგავსი არ მომხდარა. ამიტომ, რასაკვირველია, ჩვენს ქვეყანაშიც იქნება სპეციალური კითხვარი, რომელიც ადამიანმა, სანამ მას ვაქცინა გაუკეთდება, უნდა შეავსოს, მოახსენოს ექიმს და არ დაუმალოს არაფერი ალერგიასთან, ქრონიკულ დაავადებასთან დაკავშირებით," – განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა.
პროფესორი, ექიმი-თერაპევტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი კარდიოლოგიაში მაკა ბულეიშვილი ამბობს, რომ აუცილებელია შესაბამისმა სტრუქტურებმა დეტალურად მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადოებას, თუ რა და როგორ შეიძლება მომზადდეს ვაქცინის წინა პერიოდში.
"ვაქცინაცია, ასე რომ მიიყვანონ რამდენიმე ადამიანი ერთობლივად და იქ წინასწარ არაფერი არ იყოს გამოკვლეული, ასეთი რაღაცა არ მოხდება. თითქოს რაღაც შიშის ფაქტორი გაჩნდა ვაქცინის გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით. აუცილებელია შესაბამისმა სტრუქტურებმა საზოგადოებას დეტალურად მიაწოდონ ინფორმაცია ეტაპობრივად, თუ რა და როგორ შეიძლება მომზადდეს ვაქცინის წინა პერიოდში და თუნდაც რა სახის ელემენტარული გართულებები შეიძლება მოგვცეს," - აცხადებს მაკა ბულეიშვილი.