საქართველოს მოქალაქეების მორიგი გატაცება ოკუპანტების მიერ - სამი პირი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩას მიმდებარედ, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან წაიყვანეს.
ადგილზე, საიდანაც რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქეები გაიტაცეს, ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებიან.
მომხდარს თვითმხილველები ჰყავს, ისინი ყვებიან, რომ გუშინ საღამოს, კომენდანტის საათის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე რუსი სამხედროები დაედევნენ, გაიარეს დაახლოებით 500 მეტრი და შემდეგ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ნაცემია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გააქტიურდა ცხელი ხაზი. ინციდენტის შესახებ ინფორმაცია უკვე მიეწოდა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
სუსის ინფორმაციით, მომხდარი ცხელი ხაზით დაადასტურა ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელმაც, რომელმაც განაცხადა, რომ გატაცებულები პატიმრობაში უკვე აღარ იმყოფებიან.