სამოქალაქო სექტორი გელათის ტაძრის გადარჩენას ითხოვს. ადამიანები, რომლებიც უკვე წლებია აპროტესტებენ ხელისუფლების უყურადღებობას ისტორიული ძეგლის მიმართ, არ ენდობიან ახალ კომპანიას რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეასრულებს. ბოლო დღეებში ამინდის მკვეთრად გაუარესებამ ტაძარს პრობლემები ისევ შეუქმნა. ადგილზე ელოდებიან სპეციალისტთა ჯგუფს.
"კვალიფიციური კადრის პრობლემა არსებობდა და აქ მუშაობდნენ ადამიანები, რომლებსაც გამოცდილება არ ჰქონდათ. ეს უბრალოდ არ უნდა გაერისკათ. სწორედ ამაზეა საუბარი, როცა ექსპერიმენტებზე ვსაუბრობთ. ექსპერიმენტები გრძელდება დღესაც ამ ეზოში. ხედავთ, რომ მიტოვებულია დასავლეთის მკლავი. ვერ ვხედავთ ვერც ერთ ადამიანს, რომელიც აქ უნდა მუშაობდეს. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვინც აქამდე ასრულებდა სამუშაოებს ეს იყო გამოცდილი კომპანია. ახლა უკვე შემოჰყავთ გამოუცდელი კომპანია, რომლებსაც ჯილდოები მიღებული არ აქვს და რა გარანტია გვაქვს ჩვენ ყველას ერთად, მე ამას ვკითხულობ, რომ ვითარება გამოსწორდება," – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი.
ადგილზე იმყოფება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების სამსახურის უფროსი დავით ტყეშელაშვილი. მისი მტკიცებით, ტაძრის დროებითი გადახურვის სამუშაოები დღესვე ალპინისტების ჩართულობით დაიწყება. ასევე მათივე მტკიცებით, იგეგმება ტექნიკის მიყვანაც.
"დაწყებულია სამუშაოები. რამდენიმე წუთში აქ ამოვა ჯგუფი, რომელიც უკვე მუშაობდა ამ საკითხზე, ასევე ამოვა ტექნიკა, რის საშუალებითაც მასალის მიწოდება მოხდება. მოხდება უსაფრთხოებისთვის ალპინისტებთან ერთად ამ სამუშაო ჯგუფის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და აღნიშნული სამუშაოები დღესვე დასრულდება," - აცხადებს დავით ტყეშელაშვილი.