ესპანეთის მთავრობა, სეუტაში მასობრივი მიგრაციის საქმეში მაროკოს როლთან დაკავშირებით, პრესაში გაჟონილი საპოლიციო ანგარიშის შემდეგ კრიზისში აღმოჩნდა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მაროკოს ძალები სეუტაში მიგრანტების უკანონოდ შესვლაში გარკვეულ როლს ასრულებდნენ, რაც საზღვრის უკანონო კვეთის უპრეცედენტო შემთხვევა იყო. ამ ფაქტმა, მადრიდი აიძულა თავდაცვით პოზიციაში ჩამდგარიყო.
როგორც euronews-ი წერს, არაერთმა მედია საშუალებამ, სამართალდამცავი ორგანოების დოკუმენტზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაროკოს ხელისუფლებამ ხელი შეუწყო მიგრანტების ზღვით გადაადგილებას, მოქმედებდა "პასიურად" და დაასკვნეს, რომ ესპანეთის ანკლავში დაახლოებით 80 000 მიგრანტის მასობრივი შედინება შემთხვევითი არ ყოფილა.
ამ ბრალდებებმა პოლიტიკური აჟიოტაჟი გამოიწვია, რამაც ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.
ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ფერნანდო გრანდე-მარლასკამ, რომელსაც ესპანეთის თანამედროვე ისტორიაში ეროვნული უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული დარღვევის გამო აკრიტიკებენ, პოლიციას დაავალა განემარტა სიტუაცია იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება მთავრობის ნარატივს.
მედიის ცნობით, პოლიციის მაღალჩინოსანმა მოგვიანებით უარყო ყველა ინფორმაცია, რომელშიც პირდაპირ მაროკო იყო დადანაშაულებული, თუმცა ამ განცხადებამ დაძაბულობა ვერ შეამცირა, მთავრობა კი კრიზისთან გამკლავებას ცდილობს, რადგან სეუტაში ათასობით მიგრანტი კვლავ რჩება, რაც ადგილობრივ მოსახლეობაში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს.
ოთხშაბათს, ესპანეთში სეუტას მხარდამჭერი საპროტესტო აქციები გაიმართა.