დავით გარეჯის საქმეზე ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს ბრალი დაუზუსტდათ - პროკურატურამ საქმეზე ბრალდებულთა დანაშაულის ჩადენის მოტივი დაადგინა.
დავით გარეჯის საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერების სახით, რაც მოწმობს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა ქვეყნის წინააღმდეგ განზრახ საზიანოდ მოქმედებდნენ.
"დადგენილი არის, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ განზრახ, ასევე დავალებების შესაბამისად ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად საუბრობდნენ. რაც შეეხება მტკიცებულებებს თუ რა ადასტურებს ამ გარემოებას, პირველი, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ეს არის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, თუმცა ყველაზე მთავარი ეს არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები. ეს არის აუდიო-ვიდეო მასალა, რომელიც პრაქტიკულად ვიზუალური დემონსტრაცია არის როგორც ამ გარემოების მოტივთან დაკავშირებით, ასევე ყველა მნიშვნელოვანი გარემოებიც, რაც ბრალდებულის ქმედებებს პრაქტიკულად ნარატივად გასდევდა,“ - განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.
საქმის პროკურორის განცხადებით, რამდენიმეთვიანი საგამოძიებო მოქმედებებით და მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ბრალდებულებმა ქვეყნის ტერიტორიების საკითხი მეზობელ სახელმწიფოსთან საქართველოს საზიანოდ განზრახ შეათანხმეს. როგორც პროკურორი გიორგი მუჯირი აცხადებს, პროკურატურის მხრიდან დანარჩენი პირთა წრის მხილების მიზნით გამოძიება გრძელდება.
"წარდგენილი ბრალდებით დაზუსტებული იქნა მეტად მნიშვნელოვანი გარემოება სხვა გარემოებებთან ერთად. მნიშვნელოვან გარემოებაში ვგულისხმობ, რომ ბრალდებულები საქართველოს საწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებისას მოქმედებდნენ მიღებული დავალებისამებრ.
რაც შეეხება კონკრეტულ პირს ან პირთა წრეს, თუ ვისგან ღებულობდნენ ბრალდებულები დავალებებს, გრძელდება გამოძიება სხვა პირთა მხილების მიზნით. ეს საქმე გახლავთ მეტად მნიშვნელოვანი და საჯარო ინტერესი არის იმისი, რომ სრულყოფილად და ობიექტურად იქნეს გამოძიებული. ამ მიზნიდან გამომდინარე, კონკრეტული პირის დასახელებისგან თავს შევიკავებ," - განაცხადა პროკურორმა გიორგი მუჯირმა.
შეგახსენებთ, მელაშვილი და ილიჩოვა ოქტომბერში დააკავეს. მათ საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხის შექმნაში სდებენ ბრალს.