დიდუბე-ჩუღურეთის გამგებლის მოადგილეს, რომელსაც სამართალდამცავები უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან, ამ წუთებში ბრალი უნდა წაუყენონ. საუბარია ვლადიმერ გოგსაძეზე, რომელიც ანტიკორუფციულმა სააგენტომ გუშინ, საკუთარ კაბინეტში აიყვანა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული ტენდერში სასურველ კომპანიას ლობირებდა და კონკურენტზე ზეწოლას ახდენდა.
ბრალი უკვე დაზუსტებულია, რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა პროცესები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში. პროცესებში მონაწილეობას დაკავებულის ადვოკატი იღებდა, რომელიც გამოსვლის შემდეგ "კურიერთან" აცხადებს, რომ დაკავებული თანამდებობის პირი ბრალს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს.
"აქ არის საუბარი კონკრეტულ ელექტრონულ ტენდერზე, რასთან დაკავშირებითაც გამოძიების მონაცემებით, არის დარღვევა. შესაბამისად ჩემმა დაცვის ქვეშმყოფმა გამოთქვა მზაობა სრულად ითანამშრომლოს გამოძიებასთან და რა თქმა უნდა მასალების შესწავლის და გადაცემის შემდეგ უპასუხოს ყველა იმ კითხვას, რომელიც კითხვაც ექნება გამოძიებას. გამოთქვა მზაობა თანამშრომლობაზე, დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ თუ კი მისი კონკრეტულად აღნიშნული ქმედება თუ შევიდა კანონთან კონფლიქტში მზაობა აქვს თანამშრომლობაზე. რა თქმა უნდა ეს არის აღიარება, თუმცაღა ამას სჭირდება კონკრეტიზაცია," - განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა