26 აპრილი 2024,   21:00
ვრცლად
ცესკოსთან აქციაზე დაკავებულების განაჩენის გამოცხადება პირველ თებერვლამდე გადაიდო

ცესკოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის 3 წევრისთვის განაჩენის გამოცხადება 1 თებერვლამდე გადაიდო.

ბრალდებულები და მოწმეები დღეს საქალაქო სასამართლოში რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდნენ. აქტივისტები 27 ოქტომბერს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს და ხელწერილის საფუძველზე მეორე დღეს გაათავისუფლეს.

"ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წევრის, ალექს ბაღდასაროვის განცხადებით, წაყენებული ბრალდების დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს. 

"სრულიად ალოგიკური სასამართლო პროცესი იყო. გვედავებოდნენ იმას, რისი ფაქტებიც არ ჰქონდათ სამართალდამცველებს. იმას, რომ პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენეთ, ამ ხმაურით ხელს ვუშლიდით ცესკოს მუშაობის პროცესს," - აცხადებს ალექს ბაღდასაროვი.

"ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის კიდევ ერთი წევრი სოფო გუგავა ფიქრობს, რომ ის დრო, რომელსაც სასამართლო მათი საქმის განხილვას უთმობს, არაეფექტურად იხარჯება. 

"არაეფექტურად ვთვლი იმ დროს, რომელსაც სასამართლო ხარჯავს ჩვენზე. იმის ნაცვლად, რომ, რეალურად, სხვა დამნაშავეების საქმეები განიხილონ და შექმნან პრეცენდენტები და გადაწყვეტილებები, რომლითაც შემდეგ სხვა მოსამართლეები იხელმძღვანელებენ,"- ამბობს სოფო გუგავა.

ბრალდებულთა ადვოკატი მარიამ ცუცქირიძე ფიქრობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები სრულიად უდანაშაულოები არიან და მტკიცებულებებიც ამაზე მიუთითებს.

"წარმოდგენილი იყო დიდი რაოდენობით ვიდეომასალა, რომელიც მართალია სასამართლო პროცესზე ვნახეთ მხარეებმა, მაგრამ მე ვფიქრობ, სასამართლომ იმიტომ გადადო საქმის განხილვა, რომ დეტალურად შეისწავლოს საქმის მასალები. ასევე, დაიკითხა სამი მოწმე. აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ „გაბედეს“ წევრები არიან სრულიად უდანაშაულოები," - აცხადებს მარიამ ცუცქირიძე.

შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია "გაბედეს" წევრები 27 ოქტომბერს "ცესკოსთან" გამართულ აქციაზე დააკავეს. მათ ბრალი პოლიციის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობაში ედებათ.

დღის ამბები