ივერი მელაშვილი მისი ინტერესების დამცველმა გლდანის მე-8 დაწესებულებაში მოინახულა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა, პოზიციები არ შეცვლილა და ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე მათი მთავარი შუამდგომლობა იქნება, რომ არ დაუშვას მოსამართლემ ის მტკიცებულებები, რომელიც პროკურატურას აქვს წარდგენილი, ასევე მთავარი მოთხოვნა იქნება დაკავებულების პატიმრობიდან გათავისუფლება.
რაც შეეხება ივერი მელაშვილის პოზიციას ფარულ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელიც გასულ კვირას პროკურატურამ გაავრცელა, როგორც ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, მელაშვილი გულისწყვეტას გამოხატავს, რომ ამან შესაძლოა დააზიანოს საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები.
"ივერი მელაშვილისთვის სამწუხარო არის ერთადერთი ფაქტი, რომ პროკურატურა ასაჯაროებს მოლაპარაკების დეტალებს, რომლებიც დიდი ალბათობით, შემდგომ ძალიან დააზიანებს მოლაპარაკებების პროცესს აზერბაიჯანთან, იმიტომ, რომ ეს მოლაპარაკებები და ეს შიდა საუბრები, რომლებიც მას ჰქონდა როგორც ბატონ გოგი მანჯგალაძესთან, ასევე ბატონ მიქელაძესთან, ეხება სწორედ იმ დეტალებს, რომლებიც სწორედ საქართველოს მხარისთვის უნდა იყოს ცნობილი.
ამ ადამიანებმა უნდა დატოვონ საპატიმრო, იმიტომ, რომ არც აქამდე არსებობდა და უკვე ხვალისთვის, ცალსახად აღარ არსებობს არანაირი საფუძველი იმისათვის, რომ ეს ადამიანები დარჩნენ პატიმრობაში და შემდგომ უკვე შუამდგომლობის სახით, ასევე ვიშუამდგომლებთ ამ საქმის შეწყვეტას,“ - განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.
ხვალ პირველი წინასასამართლო სხდომაა, რომელზეც უფლებადამცველები დაკავებულების გათავისუფლების შუამდგომლობას კიდევ ერთხელ დააყენებენ.
მათ აქვთ იმის მოლოდინი, რომ შესაძლოა ილიჩოვაც და მელაშვილიც გაათავისუფლონ.
"ჩვენი შეხვედრის მიზანი არის ის რომ შევათანხმოთ ერთმანეთთან პოზიციები ჩვენი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებული იყოს სრულყოფილად ჩართული პროცესის მიმდინარეობის დროს, მისთვის ცნობილი იყოს ყველა ფაქტი და გარემოება, რაზეც ჩვენ შუამდგომლობას დავაყენებთ ხვალ, სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს.
ასევე, ჩვენ სასამართლოს უკვე მივმართეთ განცხადებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე ბრალდებული, როგორც, ნატალია ილიჩოვა, ასევე ივერი მელაშვილი ესწრებოდნენ სასამართლო პროცესს.
ჩვენ ვითხოვთ, რომ შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება ვინაიდან მიგვაჩნია, რომ აღარ არის ის გარემოებები, რომ საჭიროება იყოს პატიმრობის დატოვების, გამომდინარე იქიდან, რომ თუნდაც ფარული მიყურადების ეტაპი უკვე დასრულებულია და აღარ მიმდინარეობს და ამიტომ ჩვენ იმედი გვაქ, რომ მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.